Tuesday, September 8, 2015


 1.      მზის სხივები ერთი შეხედვით, თითქოს ოქროსფერი ჩანს. თუმცა მზის სხივები შვიდი ფერისგან შედგება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. დედამიწას გარს აკრავს ატმოსფერო - ჰაერის სქელი ფენა. იგი ყველაზე მეტად ლურჯ და იისფერ სხივებს აკავებს და ფანტავს. სწორედ ეს აძლევს ცას ცისფერ შეფერილობას. ცა კი იმდენად შორს არის ჩვენგან, რომ ქვემოდან იგი მუქ იისფრად მოჩანს. სწორედ ამიტომ არის ცა ასეთი ლურჯი.




წმიდა დემეტრე თავდადებული
მეტეხის ტაძარი
2.    წმიდა მეფე დემეტრე II თავდადებული მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, 1270-1289 წლებში მეფობდა. ამ პერიოდში საქართველოში მონღოლები ბატონობდნენ. მეფესაც სწორედ ისინი ირჩევდნენ და ამტკიცებდნენ. წმიდა დემეტრე მეფე ძალიან ცდილობდა ქვეყნის მძიმე მდგომარეობა შეემსუბუქებინა, მაგრამ საბოლოოდ ბოროტმა ადამიანებმა იგი მონღოლთა ყაენთან დააბეზღეს. მეფე დემეტრემ მტრის მიერ სამშობლოს აოხრებას ყაენთან წასვლა და სიკვდილით დასჯა არჩია. ამ თავგანწირული საქციელისთვის მას თავდადებული ეწოდა და წმიდანად იქნა შერაცხილი.
თბილისის მეტეხის ტაძარი წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულის დროს არის აგებული. მეტეხის ტაძარში დაკრძალულია წმიდა შუშანიკ დედოფალი. 



3. მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული გრენლანდია ინგლისურად „მწვანე მიწას“ ნიშნავს. კუნძულის ფართობი 2176 კვ. კმ-ია, ხმელეთის დიდი ნაწილი სულ ყინულით არის დაფარული.
982 წელს ნორვეგიელი ერიკ მწითური ისლანდიიდან გაუძევებიათ. იგი ერთ-ერთი კუნძულის სამხრეთ ნაწილში მოხვდა. ეს კუნძული ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ქარებისგან დაცული იყო. ამ ადგილას მწვანე მცენარეებით დაფარული გორაკები და მინდვრები მოჩანდა. ნორვეგიელმა ამ მიწას „მწვანე მიწა“ - გრენლანდია დაარქვა. მოგვიანებით კი ეს სახელწოდება მთელს კუნძულზე გავრცელდა. 



4. დღევანდელ პერიოდში ქართულში ბევრ ისეთ სიტყვას ვამბობთ, რომელთა ნაცვლადაც ძველად სულ სხვა სიტყვას იყენებედნენ.  ერთ-ერთი ასეთი სიტყვაა ხორბალი, რომელსაც ძველად იფქლი ეწოდებოდა. იფქლი სიტყვა-სიტყვით შემოდგომაზე დათესილ ხორბალს ნიშნავს. 




5. სეტყვა ისეთივე ნალექია, როგორც წვიმა. იგი ყინულის ნატეხებია. სეტყვა ცაში წარმოიქმნება გროვა-ღრუბლებში. ეს ღრუბლები ძალიან მაღლა ადიან, რის შედეგადაც  წყლის წვეთები ძალიან ზემოთ ხვდება.
იქ ჰაერის ტემპერატურა -20 – (-40) გრადუსია. ამიტომ წყალი იყინება. გაყინული წვეთები ერთმანეთს ეკვრის, მძიმდება და ისევ დედამიწაზე ეშვება. ეს დავარდნა იმდენად სწრაფად ხდება, რომ ყინული ვერც კი ასწრებს გადნობას და სეტყვის სახით გვევლინება. 



6. 1529 წელს პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნანდო მაგელანმა სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ დაბოლოებასთან მდებარე არქიპელაგში თავისი გემით გაიარა. არქიპელაგი ბერძნული სიტყვაა. არქი დასაწყისს, უფროსს ნიშნავს, ხოლო პელაგოს - ზღვას. ქართულად კი არქიპელაგი ერთმანეთის ახლოს მდებარე კუნძულების ჯგუფს ნიშნავს. ფერნანდო მაგელანმა არქიპელაგთან გავლისას ნაპირებზე ანთებული უამრავი კოცონი შენიშნა. მოსახლეობა ცეცხლს, ალბათ, საშიშროების მანიშნებლად ანთებდა. ამის შემდეგ ამ არქიპელაგს  „ცეცხლოვანი მიწა“ ეწოდება.



კასპიის ზღვა
7. დედამიწაზე სულ 43 ზღვაა და ყველა სხვადასხვა ადგილზე მდებარეობს. ალბათ ყველას გაუგონია კასპიის ზღვა, რომელიც საქართველოსთან ძალიან ახლოს, აზერბაიჯანში მდებარეობს. თუმცა კასპიის ზღვა არ ყოფილა ზღვა. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა და მისი სიდიდის გამო უწოდებენ ზღვას. ტბის ფართობი დაახლოებით 394 ათასი კვ. კმ-ია. ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება ორი ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა იტალია და ავსტრია.



პარეხი, ტაო-კლარჯეთი
8.  ძველ ქართულად გამოქვაბულს თურმე  პარეხი ერქვა. სიტყვა პარეხი კლდეში ნაპრალს, გამოქვაბულს ნიშნავდა. ადრე საქართველოს უძველეს ნაწილში კლარჯეთში, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ერთ-ერთ ასეთ პარეხში, ბერთის მონასტერთან ახლოს მეუდაბნოე ბერი მიქაელი დაემკვიდრა და იქ სულიერი ცხოვრება დაიწყო. ამის გამო მას პარეხელი ეწოდება. მალე ამ ადგილზე სხვა ბერებმაც დაიწყეს მოღვაწეობა და მონასტერიც დაარსდა. ეს ყველაფერი IX-X საუკუნეებში მოხდა.



9.  ძველ ქართულში სიტყვა "აღდგომის" ნაცვლად თურმე კიდევ ერთი სიტყვა იხმარებოდა. ეს სიტყვაა "აღვსება". იგი ორ რამეს ნიშნავდა - "შესრულებას" და მეორე, რაც უფრო ხშირად იგულისხმებოდა - "აღდგომის დღე." სხვა ენებზე კი აღდგომა სულ სხვადასხვანაირად გამოითქმის. მაგალითად, ბერძნები მას "პასექს" უწოდებენ, რუსეთში კი - "პასხა" ჰქვია.


      
       
მეფე ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი
10. საქართველოში წიგნების ბეჭდვა 1709 წელს, მეფე ვახტანგ VI -ის დროს დაუწყიათ. მეფის ხელშეწყობით დაარსდა ქართული სტამბა - ადგილი, სადაც წიგნები იბეჭდება. 1712 წელს ამ სტამბაში პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“. რა თქმა უნდა საქართველოში მანამაც არსებობდა წიგნები, მაგრამ ისინი ხელნაწერები იყო და არა ნაბეჭდი. დღევანდელ დღეს კი ხელნაწერი წიგნები არ გამოიყენება და ყველა წიგნი სტამბაში იბეჭდება.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიის დედაქალაქ რომში გამოიცა საქართველოდან წასული ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ. იტალიელები მას ნიკიფორე ირბაქს უწოდებდნენ. ეს წიგნი იყო „ქართული ანბანი“, რომელსაც ლოცვები ერთვოდა თან.  




ფარავნის ტბა
ფოკა
    11. სოფელი თავფარავანი მდებარეობს საქართველოს უძველეს კუთხეში - ჯავახეთში. ჯავახეთში არის საქართველოში ყველაზე დიდი ტბა - ფარავნის ტბა. მისი ფართობი 40 კვ. კმ-ია. სოფელი თავფარავანი სწორედ ფარავნის ნაპირასაა გაშენებული.
ჯავახეთში მდებარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოფელი -ფოკა. ქართველთა განმანათლებელი მოციქულთასწორი ნინო სწორედ ამ ადგილიდან შემოვიდა საქართველოში, შემდეგ აქედან წამოვიდა მცხეთაში და გააქრისტიანა ქართველი ერი. 



წმიდა მეფე თამარის ფრესკები
(ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი)
12.  წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის მეფობის ხანას საქართველოში „ოქროს ხანას“ უწოდებენ. შოთა რუსთაველმა თავისი „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ ამ პერიოდში დაწერა. სამწუხაროდ, არავინ იცის სად არის წმიდა თამარ მეფე დაკრძალული. თუმცა ჩვენამდე წმიდა კეთილმსახური მეფის ოთხი ფრესკაა მოღწეული.
ერთი მათგანი ვარძიაში, კლდეში ნაკვეთი მონასტრის ტაძარშია, მეორე - ბეთანიაში, მესამე - ყინწვისში და მეოთხე - ბერთუბანში. ოთხივე მონასტერი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს და მე-12 - მე-13 საუკუნეებშია აგებული.
ვარძია ჯავახეთში მდებარეობს; ყინწვისში მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქარელის რაიონშია, ძამას ხეობაში; ბეთანია თბილისთან ახლოს მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს. დღეს იქ მამათა მონასტერია; ბერთუბანი კი გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერია.  
წმიდა თამარ მეფის ეს ოთხი ფრესკა თურმე მისი ცხოვრების თანმიმდევრულად არის დაწერილი.

ფრესკა ვარძიის მონასტერში
    

    ვარძიის ფრესკაზე წმიდა თამარი მამასთან გიორგი III-თან ერთად არის გამოსახული და ხელში ვარძიის გეგმა უჭირავს.








ფრესკა ყინწვისის მონასტერში




ყინწვისის ტაძარში მას მამასთან ერთად გვერდით თავისი ძე ლაშა-გიორგიც უდგას.









ფრესკა ბეთანიის მონასტერში



ბეთანიის მონასტერში წმიდა თამარი მხოლოდ ვაჟთან ერთად არის გამოსახული. ბეთანია ორბელიანთა საგვარეულო ტაძარი ყოფილა. 






ფრესკა ბერთუბნის მონასტერში.




ბერთუბნის ტაძარში ყველაზე გვიანდელი ფრესკაა. იქ წმიდა თამარი მარტოა გამოსახული. 








დღევანდელ დღეს ძალიან ბევრ ტაძარში შეხვდებით წმიდა კეთილმსახური მეფის თამარის ფრესკას. თუმცა ის ოთხი ფრესკა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მონასტრებშია ძალიან ძველი, საუკუნეების წინანდელია. 





13.  ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ნათლავენ ემბაზი ჰქვია. იგი ძველი ქართული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით ემბაზი  საბანელს, განსაწმედელს  ნიშნავს.








14. არსებობს ტბა სახელად „ისიკყული“, რაც სიტყვა-სიტყვით თბილ ტბას ნიშნავს. იგი მაღალმთიან გამოქვაბულში მდებარეობს და მასში წყალი არასდროს იყინება. ეს იმიტომ ხდება, რომ ტბა ძალიან ღრმაა - 702 მეტრამდე და ზაფხულში გამთბარი წყალი ნელა ცივდება. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „თბილი ტბა“.  



       

      15.   ბამბუკი ძალიან სწრაფად იზრდება - დილით ამოყოფს მიწიდან თავის მწვანე ყლორტს და საღამოსთვის გარკვეულ სიმაღლეს აღწევს. ერთი კვირის შემდეგ კი ბამბუკის ღერო უკვე საკმაო სიმაღლისაა. 




          
        
     

         
      

      16.  ბევრს გაუგია ალბათ ქართული გვარი კანდელაკი. თუმცა კანდელაკი მხოლოდ გვარი არ ყოფილა. სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი ლექსიკონის მიხედვით კანდელაკი ძველ ქართულად მნათეს, მესანთლეს, კანდელების მწმენდელს ნიშნავს და გვარი კანდელაკიც აქედან მოდის. თავად კანდელი კი ზეთის ლამპარია, რომელიც ხატის წინ ანთია.




                                   
               

           17. 1513 წელს ამ ოკეანეში ესპანელმა ბალბოამ იმოგზაურა. მან აქაურობას „სამხრეთის ზღვა“ უწოდა, რადგან ამ კაცმა გადაკვეთა პანამის ყელი და პირველად დაინახა სამხრეთით მდებარე ოკეანის წყლები. 1752 წელს ფრანგმა გეოგრაფმა ბუაშმა მას „დიდი ზღვა“ ანუ „დიდი ოკეანე“ უწოდა, რადგან ეს არის ყველაზე დიდი წყლის აუზი მსოფლიოში. ფერნანდო მაგელანი კი, რომელმაც პირველმა შემოუარა გარშემო მთელს დედამიწას გემით, 1520-1521 წლებში, პირველად გავიდა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში სრუტით. ამ სრუტეს შემდგომში მაგელანის სახელი ეწოდა. წყნარი ამინდის გამო, რომელიც ოკეანეში სვლის დროს არცერთხელ არ შეცვლილა, მოგზაურებმა მას წყნარი ოკეანე უწოდეს.  

      
      
18. ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაპირზე, ზღვიდან 35 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 150 მეტრ სიმაღლეზე მთებში არსებობს პატარა ტბა, სახელად სენტანი. პატარა ტბაში მტკნარი წყალია ანუ არ არის მარილიანი. ამ მთის მტკნარწყლიან ტბაში ზვიგენები და ზოგიერთი ზღვის თევზი ბინადრობს. ძალიან დიდი ხნის წინ ტბა სენტანი ზღვის ყურე იყო, მაგრამ შემდეგ ხმელეთმა ანუ მიწამ ნელ-ნელა აიწია. ყურე ზღვას მოშორდა და მთის ტბა წარმოიქმნა. ამ წყალში დარჩენილი ზვიგენები და ტევზები ახალ პირობებს შეეგუენ და დღემდე სენტანის ტბაში ბინადრობენ.


      
     
წმიდა მათე მახარებელი
    

  19. სიტყვა „მედგარი“ როგორც ვიცით ბეჯითს, შეუპოვარს, მტკიცეს აღნიშნავს. თუმცა ძველ ქართულად ეს სიტყვა სულ სხვა მნიშვნელობით იხმარებოდა. „მედგარს“ ძველად ზარმაცს, მცონარას, გამოუსადეგარს, მზაკვარსა და მშიშარას ეძახდნენ.
სწორედ სიტყვის ამ მნიშვნელობით მიმართავს მათეს სახარების 25-ე თავის 26- მუხლში უქნარა მონას ბატონი შემდეგი სიტყვებით: „ბოროტო მონაო და მედგარო!“ თურმე სიტყვა „მედგარი“ აქაც თავისი ძველი მნიშვნელობით იყო გამოყენებული.








ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება
ფრესკა სვანეთის ტაძარში

     
       20.  საქართველოში არსებობს ტაძრები თბილისის სიონი, ბოლნისის სიონი, ატენის სიონი...
      წმიდა სიონის მთაზე, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფლავია განთავსებული. სწორედ მის საპატივცემულოდაა სახელდებული თბილისის, ბოლნისის და ატენის სიონის ტაძრებიც, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული
              








       

         

              21.  პირველად „ვეფხისტყაოსანი“ ხელნაწერი იყო, მაგრამ მას ჩვენამდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი მე-17 საუკუნის ყოფილა, 1646 წელს შექმნილი. იგი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაუწერია მდივან მამუკა თავაქარაშვილს და ხელნაწერი მინიატურებითაც შეუმკია.

       თუმცა ზოგიერთ კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები. მაგალითად, პოემის ორი პატარა პწკარი მე-14 საუკუნის ხელნაწერზეა მიწერილი. 
       მე-15 საუკუნის ბერთის მონასტერში გადაწერილ სახარების გვერდებზეც გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნაწყვეტი, რომელიც, როგორც ხელნაწერი გვამცნობს, ვიღაც იორდანეს მიუწერია. საქართველოს სამხრეთით, ვარძიასთან ახლოს, ვანის ქვაბებში ადრე მონასტერი იყო. სწორედ იმ მონასტრის კედლებზე შემოგვრჩა თურმე „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები, რომლებიც დაახლოებით  XV-XVI საუკუნეების დროინდელია. თუმცა მიუხედავად ამდენი ხელნაწერისა, მათ შორის არც ერთი არ არის თავად ავტორის ხელნაწერი და ზუსტი თარიღიც კი არ აწერია.
      სულ ჩვენამდე მოღწეული „ვეფხისტყაოსნის“ 162 ხელნაწერი და კიდევ 32 ნაწყვეტი, რომლებიც სხვადასხვა წიგნების ხელნაწერებზეა მიწერილი. 



"აყვავებული ჯვარი", ალავერდის ოთხთავი, მე-11 ს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
       

      22.  მინიატურა იტალიური სიტყვაა და მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. მინიატურებს უწოდებენ ძველ ხელნაწერებსა და წიგნებში პატარა ფერად მოხატულობებს, სხვადასხვა ლამაზ სურათებს. მინიატურა აგრეთვე შეიძლება იყოს წინადადების დასაწყისში პირველი, ლამაზად გაფორმებული დიდი ასოებიც. მინიატურას ფაქიზად დახატულ პატარა სურათსაც უწოდებენ. სულ პატარა მოთხრობას, აგრეთვე პაწაწინა მუსიკალურ ნაწარმოებსაც მინიატურები ჰქვიათ. აგრეთვე მინიატურას ეძახიან რაიმე დიდი საგნის დაპატარავებულ ნიმუშსაც.   





        



         23. თურმე არსებობს ჩიტი, რომელსაც „სამოთხის ფრინველი“ ჰქვია. სამოთხის ფრინველების 40-მდე სახეობა არსებობს. ზოგს დიდი სამოთხის ფრინველი ჰქვია, ზოგს ორალმიანი ჰქვია, ზოგს - სამეფო და ა.შ. 
         
         ისინი ულამაზესი და უიშვიათესი ფერებისანი არიან. ზოგს გრძელი, ფუნჯივით კუდი აქვს, ზოგი საოცრად ფუმფულა და ჭრელია, ზოგი ალისფრად ანათებს. ადრე ფიქრობდნენ, რომ სამოთხის ფრინველებს ფეხები არ ჰქონდათ, ისინი მუდამ დაფრინავდნენ და მიწაზე არ სხდებოდნენ. მათი სახელი „სამოთხის ფრინველიც“ აქედან მოდის. ხალხს ეგონა, რომ ასეთი ჩიტები მხოლოდ სამოთხეში თუ იცხოვრებდნენ.
 სინამდვილეში კი ეს ჩიტები ავსტრალიასა და ახალ გვინეაში ბინადრობენ. ძალიან ფრთხილები არიან, პატარა ხმაურზეც კი ხის ტოტებში იმალებიან. 

            ადრე თურმე მონადირეები საცოდავ ჩიტებს იჭერდნენ, ბუმბულს აცლიდნენ, ფეხებსაც კი ჭრიდნენ და ისე ყიდდნენ ამერიკასა და ევროპაში. აქედან გავრცელდა ლეგენდა, რომ თითქოს „სამოთხის ფრინველებს“ ფეხები არ ჰქონდათ. ფრინველის ბუმბულს ქალების ქუდის გასალამაზებლად იყენებდნენ.
        ზოგს ჰგონია, რომ „სამოთხის ფრინველები“ ფრინველებს შორის ყველაზე ლამაზები არიან. სინამდვილეში ისინი მხოლოდ ფერადი ბუმბულთ გამოირჩევიან, ისე კი ძალიან ახლო ნათესავები არიან ჩვენი ჩვეულებრივი ყვავებისა. 


       24. ვინ იცის როგორი წვიმა არ წამოსულა, ზოგჯერ წვიმას მცენარეები, ხორბალი, მწერებიც კი მოჰყვება. 1806 წელს ერთ ქვეყანაში ზღვის კიბოების წვიმაც კი მოსულა. 1815 წელს საფრანგეთში ძლიერ წვიმას თან მოჰყვა დიდი რაოდენობით ჭიები. შეწუხებული ხალხი იძულებული გახდა, კოცონები დაენთოთ და ამით თავიდან აეცილებინათ სახლებში ჭიების შესვლა.
        „თევზების წვიმა“ მოსულა შორეულ აღმოსავლეთსა და ახალ ზელანდიაში.
         1814 წელს ამიენში „ბაყაყების წვიმა“ წამოვიდა. ქალაქის ქუჩები და ღიად დარჩენილი ოთახები სულ ბაყაყებით აივსო. წვიმის დამთავრების შემდეგ ხალხი ბაყაყებს ნიჩბებით აგროვებდა და ქალაქგარეთ ყრიდა.
         1894 წელს ქარმა მოსკოვში ხორბლის საწყობი დაანგრია, ხორბლის მარცვლები გაიტაცა და იგი შორ მანძილზე, ესპანეთის სანაპიროზე წვიმასთან ერთად დაეშვა ხმელეთზე.
        თურმე არსებობს „სისხლის წვიმაც“. სინამდვილეში ეს მართლა სისხლიანი წვიმა არ არის. უდაბნოში ქარი ჟანგმიწიან მტვერს იტაცებს და დიდ მანძილზე გადააქვს. ასეთ წვიმას კი წითელი ქვიშის გამო წითელი შეფერილობა აქვს და ხალხი მას „სისხლის წვიმას“ უწოდებს.
       აშშ-ში „მწვანე თოვლიც“ კი მოსულა: ქარმა თოვლს უწვრილესი მწვანე წყალმცენარეები შეურია და თოვლმა მწვანე ფერი მიიღო.  



      25.  მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრინველი სირაქლემა ყოფილა. მისი სიმაღლე 2,5 მეტრს აღწევს, სიგრძე კი - 2 მ. სირაქლემა 75-90 კგ იწონის. ეს ფრინველი სხვადასხვა ადგილას არის გავრცელებული: აფრიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში. დედამიწაზე მისი მსგავსი სხვა ფრინველებიც არსებობენ, ესენია: რეა, რომელსაც ზოგჯერ სამხრეთ ამერიკულ სირაქლემასაც უწოდებენ; კაზუარი, რომელიც ავსტრალიასა და ახალ გვინეაში ცხოვრობს და ემუ - იგი ძალიან ჰგავს კაზუარს. ეს ფრინველები არა მარტო სიდიდით გამოირჩევიან, არამედ, სხვებისგან განსხვავებით ფრენა არ შეუძლიათ.
        თურმე სირაქლემები ძალიან მსუნაგები ყოფილან და ყველაფერს ყლაპავენ, რასაც მოიხელთებენ. ერთხელ მონადირეები მკვდარ სირაქლემას წააწდნენ, მის მუცელში კი უამრავი სხვადასხვა ნივთი აღმოაჩინეს: მოზრდილი კენჭები, ლურსმნები, დიდი ქინძისთავი, ერთი კონვერტი, სპილენძის ფულები, ვერცხლის ფული, მძივები, გასაღებები, ლითონის პატარა ჯვარი.
        თურმე ერთხელ ასეთი ამბავიც მოხდა: სამხრეთ ამერიკის უდაბურ ადგილებში რკინიგზა გაჰყავდათ. ხელოსნებს ძალიან ხშირად ქანჩები და რკინის ჭანჭიკები ეკარგებოდათ. დიდხანს ეძებდნენ ქურდს, მაგრამ ამაოდ. ერთ ღამით გადაწყვიტეს ქურდს ჩასაფრებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ ამ ყველაფერს თურმე სამხრეთ ამერიკელი სირაქლემა - რეი იპარავდა.


პლატონი

26. სიტყვა არქეოლოგი  ბერძნული წარმოშობისაა, არქეო  ძველს ნიშნავს, ლოგოს  - მოძღვრებას, სიტყვას. არქეოლოგია  კი სიძველეების შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება. როგორც მეცნიერება, არქეოლოგია მე-18 - მე-19 საუკუნეებში ჩამოყალიბდა, მაგრამ პირველად სიტყვა „არქეოლოგია“, სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნეში იხმარა ცნობილმა ფილოსოფოსმა პლატონმა.
        არქეოლოგები უძველესი ძეგლებისა და ნივთების მოსაპოვებლად არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების, ციხეების ირგვლივ, ასევე ნაქალაქარებსა და ნასოფლარებზე. გათხრების დროს მეცნიერები ფრთხილად, საგანგებო ხელსაწყოებით თხრიან მიწას, ოთხკუთხედად ყოფენ ადგილებს და ფუნჯებით ასუფთავებენ მოპოვებულ ნივთებს. 
    არქეოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის, დამწერლობის განვითარების შესასწავლად. ვინ იცის რამდენი მსოფლიო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ნივთი აღმოუჩენიათ არქეოლოგებს, ან რამდენი დაკარგული და მიწისგან დაფარული ქალაქისთვის მოუფენიათ მზის სინათლე. 



არმაზის ბილინგვა

27. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები მცხეთაში, არმაზისხევში ჩატარებულა. 1940 წლის 25 ნოემბერს ქართველმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის ბრტყელი ფილა, რომელზეც ამოკვეთილი იყო ორენოვანი წარწერა. იგი „არმაზის ბილინგვის“  სახელით არის ცნობილი. ბილინგვა ბერძნული სიტყვაა: ბი - ორს ნიშნავს, ლინგვა კი - ენას. წარწერები ორ ენაზე არამეულად და ბერძნულად არის შესრულებული. ორივე ენაზე თითქმის ერთნაირი ტექსტი წერია. ისინი ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა ამოიკითხეს. არამეული - გიორგი წერეთელმა, ბერძნული კი - სიმონ ყაუხჩიშვილმა.
        როგორც არქეოლოგებმა გაარკვიეს, თურმე ეს ქვის ფილა საფლავის ქვა ყოფილა. როგორც წარწერა გვაუწყებს, ამ ადგილას 21 წლის სერაფიტა დაუკრძალავთ. მას ქრისტეს შობამდე  II საუკუნეში უცხოვრია და იგი ქართლის მეფის ფარსმანის მოხელის - ზევახის  ასული ყოფილა. არმაზისხევის არქეოლოგიური გათხრებისას აქ კიდევ ბევრი რამ აღმოაჩინეს. ამ ადგილზე ყოფილა მეფის მოხელის საცხოვრებელი, აბანო, მოზაიკებით შემკული იატაკი, ცხელი და ცივი წყლის მილები, სხვადასხვა  სამარხები და ნაგებობები.



წმიდა ნოე წინასწარმეტყველი

   28.   ხშირად ძველი აღთქმის ადამიანები ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ. თანამედროვე მსოფლიოში კი ამდენ ხანს არავინ ცოცხლობს. თუმცა, რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს. თურმე მსოფლიოში ყველაზე დიდხანს კაცებს შორის თომას კარმა იცოცხლა - 207 წელი. სიცოცხლის მანძილზე იგი თავის ქვეყანაში 12 მეფეს მოესწრო. ქალებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობით ოსი ეროვნების ტეპსე აბზივეა გამოირჩეოდა, მან თურმე 180 წელი იცოცხლა.





       

       29.  ცნობილი იტალიელი არქეოლოგი პაოლო მატიე 15 წლის განმავლობაში აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს სირიაში, ქალაქ ალეპოს სამხრეთ 70 კილომეტრზე. მან აღმოაჩინა თიხის ფირფიტები, რომელიც ლურსმული დამწერლობით იყო შესრულებული. ამ აღმოჩენით კი 45 საუკუნოვანი საიდუმლო გაირკვა. ამ წარწერების მიხედვით ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე, თურმე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 25-ე - 18-ე საუკუნეებში არსებობდა ძლიერი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იყო ელბა. იგი ეგვიპტესაც კი ეჯიბრებოდა თავისი სიძლიერით. ამ არქეოლოგიურმა აღმოჩენამ იმდენად დიდი შედეგი გამოიღო, რომ ის რასაც ძველად მეცნიერები წინა აზიის ისტორიის შესახებ ფიქრობდნენ მცდარი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, მთლიანად შეეცვალათ ისტორიული გეოგრაფიის ყველა სახელმძღვანელო. 


        


30. ალბათ ყველას უნახავს, როგორ ქსოვს, კერავს ბებია ან დედა. მაგრამ უმეტესობამ არც კი იცის, რომ ადრე ამ საქმიანობას  ჭიჭნაუხტი ერქვა. სიტყვა-სიტყვით ჭიჭნაუხტი აბრეშუმს, აბრეშუმის ქსოვას  ნიშნავს. ადრე იგი ხელსაქმის მნიშვნელობითაც იხმარებოდა.







31. კოალა ავსტრალიური დათვია. მას თურმე „ავსტრალიურ ზარმაცასაც“ ეძახიან, რადგან სულ ჭამს და ძინავს. მას გრძელი ბრჭყალები და ფართო თათები აქვს, რის გამოც იოლად ძვრება ხეზე და ცხოვრების უმეტეს ნაწილს სწორედ ხის ტოტებზე ატარებს. კოალას ძალიან უყვარს ევკალიპტის ფოთლები და სწორედ ამ ხეზეა ყოველთვის დაბინავებული. მას 75 სმ სიგრძის მრგვალი ტანი, დიდი ყურები და ფაფუკი ბეწვი აქვს.
    სანამ ავსტრალიაში ევროპელები ჩასახლდებოდნენ, კოალა მთელს კონტინენტზე იყო გავრცელებული. შემდეგ კი მისი განადგურება დაიწყეს. მონადირეები მათ ბეწვის გამო ხოცავდნენ. კოალების ნაწილი კი ტყეებში გავრცელებულმა ავადმყოფობებმა იმსხვერპლა. გარეული ცხოველებიც მათი დაუძინებელი მტერია. ამჟამად სულ რამოდენიმე ათასი კოალა არის შემორჩენილი.
      სიტყვა  კოალა“  ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე  არამსმელს“, „არ დალიოს“ ნიშნავს. ეს სახელი ავსტრალიური დათუნიას თვისებასთან არის დაკავშირებული. კოალას უწყლოდ დიდხანს გაძლება შეუძლია. კოალა 12-13 წელი ცოცხლობს და ზოგჯერ 20 წლამდეც აღწევს. 




32. ქალაქ ბერლინში ერთ ადგილზე ასეთი აბრაა გაკრული: ფრთხილად, აქ გადადიან კოალები. თურმე კოალები ხშირად კვეთენ საავტომობილო გზას და ჩვეული სიდინჯით მიუყვებიან ასფალტს. ამ დროს მოძრაობა ფერხდება და მანქანის მძღოლები იძულებულნი არიან, დაამუხრუჭონ.







33. მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი იაპონიაში მდებარეობს. მას ტოკიო ჰქვია. ტოკიოში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აგრეთვე დიდი ქალაქებია:
    ამერიკაში - ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი;
    ბრაზილიაში - სან-პაოლო;
    მექსიკაში - მეხიკო;
    ჩინეთში - შანხაი, პეკინი;
   ინდოეთში - ბომბეი, კალკუტა.

        
        რაც დრო გადის ქალაქების რაოდენობაც იზრდება. მეცნიერების თქმით 1950 წელს მსოფლიოში მილიონიანი მოსახლეობით სულ 83 ქალაქი იყო, დღეს კი ასეთი დედამიწაზე 280 ქალაქია.
      აგრეთვე არსებობს მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი. ქალაქი - ალვინი. იგი ამერიკაში, კაროლინის შტატში მდებარეობს და მასში სულ 10 ადამიანი ცხოვრობს.



ლატიმერია
 34. 1938 წელს ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის მახლობლად, იქ, სადაც ოკეანეს მდინარე უერთდება, დაახლოებით 80 მეტრის სიღრმიდან ბადით ამოიყვანეს მეტად უცნაური თევზი, რომლის მსგავსი იმ ადგილებში მანამ არავის ენახა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგი ეკუთვნოდა იმ თევზების ჯიშს, რომლებიც უკვე მრავალი საუკუნის წინ გადაშენებული ეგონათ. ამ დროს კი ეს თევზები ფარულად ცხოვრობდნენ და ადამიანებს არ ენახვებოდნენ. რადგან ამ თევზს სახელი არ ჰქონდა, მას ლატიმერია დაარქვეს, იმ მეცნიერი ქალის პატივსაცემად, რომელმაც იგი პირველად აღმოაჩინა.  
            ლატიმერიას სხეულის სიგრძე 1,5 მეტრს აღწევს და 58 კგ. იწონის. მას მსხვილი სხეული და გვერდებზე გაბრტყელებული, დიდი, ძლიერი კუდი აქვს. ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა და თევზების შემსწავლელ მეცნიერებაში, რომელსაც ზოოლოგიას  უწოდებენ, თურმე მსგავსი დიდი აღმოჩენა ბოლო 200 წლის მანძილზე იშვიათად მომხდარა. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, კიდევ მოეძებნათ მეორე ლატიმერიაც და ისევ იმ ადგილზე, ინდოეთის ოკეანისა და მდინარის შესართავთან დაუწყეს ძიება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს 1952 წელს პროფესორმა ჯ.სმითმა კომორის კუნძულების მახლობლად რამდენიმე ასეთ თევზს მიაკვლია და ამ ჯიშის თევზის პირველი საგულდაგულო აღწერაც სწორედ მან დაგვიტოვა. დღეს თევზის ეს სახეობა მეცნიერების მიერ უკვე კარგადაა შესწავლილი.






35. პატარასა თუ დიდს ყველას ძალიან უყვარს შობა-ახალი წელი, საზეიმოდ მორთული ნაძვის ხე, თოვლის პაპას მოტანილი საჩუქრები, საზეიმო სუფრა, ტრადიციული გოზინაყი. რატომ ვრთავთ საშობაოდ ნაძვის ხეს? ან ვინ არის ის თოვლის პაპა, რომელმაც საჩუქრები უნდა მოგვიტანოს?



        საქართველოში ტრადიციულად ჩიჩილაკს რთავდნენ, რომელზეც დაკიდებული იყო ჩირი, ჩამიჩი, ჩურჩხელები. თოვლის პაპის მიერ საჩუქრების დარიგების ტრადიცია კი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებას უკავშირდება. როგორც ვიცით უცხოეთში თოვლის პაპას სანტა-კლაუს-ს  უწოდებენ. სანტა-კლაუსი წმიდა ნიკოლოზს ნიშნავს. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ვიცით, რომ იგი ძალიან მოწყალე იყო; კეთილ საქმეებს კი ყოველთვის ფარულად აღასრულებდა, ისე რომ არავის დაენახა. სახარებაც ხომ სწორედ იმას გვასწავლის, ჩუმად აღვასრულოთ კეთილი საქმე. ისე, რომ ამის შესახებ უფლის გარდა არავინ იცოდეს. წმიდა ნიკოლოზს არასდროს ავიწყდებოდა გაჭირვებული ადამიანი და განსაკუთრებით ცდილობდა მათ დღესასწაულებზე დახმარებოდა. შობის ღამეს წმიდა ნიკოლოზი ჩამოივლიდა და ჩუმად ურიგებდა საჩუქრებს ღარიბ ადამიანებს; ზოგს კარებთან დაუტოვებდა, ზოგს ფანჯრიდან შეუგდებდა, ზოგს საკვამურში ჩაუგდებდა.

       წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანია. მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება მის მიერ აღსრულებული სასწაულები.



36. სახელი „ნიკა“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ძლევას“ ნიშნავს.



    37. ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. თავდაპირველად ახალი წელი მარტში იდღესასწაულებოდა, რადგან ამ დროს ბუნება იღვიძებს. როდესაც ძველ რომში რომულუსი მეფობდა, მაშინ მათთან ახალი წელი მარტში იწყებოდა, რომაელების წარმართი ღმერთის, მარსის პატივსაცემად. რომულუსის შემდეგ გამეფდა ბრძენი და დინჯი კაცი - ნუმა. მან გადაასწორა რომულისის მიერ შედგენილი კალენდარი, ნაცვლად 10 თვისა თორმეტ თვიანად გადააკეთა იგი და პირველ თვეს იანვარი დაარქვა წარმართი ღმერთის იანვარიუსის საპატივცემულოდ.
დიდი ხნის შემდეგ იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტური დროის გამოყენებით ცვლილებები შეიტანა აღნიშნულ კალენდარში, მაგრამ თვეების თანმიმდევრობა ისევ ძველებურად დატოვა.
          ასეთი სახით გავრცელდა ეს კალენდარი ყველგან და ახალი წლის ათვლაც მის მიხედვით - 1 იანვარს იწყება.
         თუმცა, არსებობენ ქვეყნები, სადაც მთვარისა და მზის კალენდარია მიღებული და ამიტომ იქ ახალი წელიც მოძრავია.
         აგრეთვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თურმე 1 იანვარი ყველა ქვეყანაში ერთბაშად არ დამკვიდრებულა:
         საფრანგეთში ახალ წელს ხან 25 დეკემბერს, ხან კი 1 მარტს ზეიმობდნენ. მხოლოდ კარლო IX-ის დროს დამკვიდრა ახალი წლის თარიღად 1 იანვარი.
         გერმანიაში მე-16 საუკუნიდან, ხოლო ინგლისში მე-18 საუკუნიდან შემოიღეს ახალი წლის 1 იანვარს აღნიშვნა.
         რუსეთში ახალ წელს 1 სექტემბერს ხვდებოდნენ, აგრეთვე მარტში და ზოგჯერ აღდგომასაც კი. მხოლოდ 1699 წელს, იმპერატორ პეტრე I-ის ბრძანებით შემოიღეს 1 იანვარს ახალი წლის აღნიშვნა.
         თურმე დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილიც, სადაც ახალი წელი წელიწადში ორჯერ იდღესასწაულება. ეს ადგილია კუნძული ბალი. ამ კუნძულზე წელიწადში მხოლოდ 210 დღეა და სანამ ჩვენთან ერთი წელი მთავრდება, იქ უკვე მეორე წელი იწყება. საოცარია მათი საახალწლო ჩვეულებაც. საგანგებოდ ამ დღისთვის ისინი  ფერადი ბრინჯისგან ორმეტრიან ბაფთებს აცხობენ.
       ჩინეთში, ინდოეთსა და იაპონიაში ახალ წელს დღემდე გაზაფხულზე, ბუნების გაღვიძების დროს ხვდებიან. ქუჩები სავსეა ფერადი ტანსაცმლით მორთული და მომღერალი ხალხით; ინდოეთში ქაღალდის გველს წვავენ, როდესაც ის ბოლომდე ჩაიწვება, დღესასწაულიც გახსნილად ითვლება. კორეაში კი ახალ წელს ყველა გარეთ გამოდის და სახალხო სეირნობა ეწყობა.
       საკუთარი ახალი წლის ათვლა აქვთ ებრაელებსა და მაჰმადიანებსაც.
       ჩრდილოეთის ზოგიერთი ხალხი აპრილში დღესასწაულობს ამ დღეს, რადგან აპრილში ირმები იბადებიან და ამ ფაქტს ახალი სიცოცხლის დაწყებას უკავშირებენ.
       იტალიაში ახალ წელს ფანჯრიდან ყრიან ყველა ძველ ნივთს, საფრანგეთში კი - ცაში ფერად მაშხალებს უშვებენ.
        საქართველოში კი ახალი წელი სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა სახით აღინიშნებოდა. მას ზოგჯერ აგვისტოში, სექტემბერში, მარტსა და იანვარში ხვდებოდნენ. ჩვენთან, საქართველოში მე-7 საუკუნემდე ახალი წელი აგვისტოში იწყებოდა. შემდეგ კი შემოიღეს მისი სექტემბერში აღნიშვნა; ეს ტრადიცია მე-9 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. მე-10 საუკუნის შუა ხანებიდან მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ახალი წლის აღნიშვნა, ამასთან ერთად ნელ-ნელა გავრცელდა ახალი წლის იანვარში შეხვდერის ტრადიცია. მე-14 საუკუნის ბოლოს კი უკვე საბოლოოდ დამკვიდრა საქართველოში ახალი წლის იანვარში აღნიშვნა. იმ პერიოდის ისტორიული წიგნები გვამცნობს, თუ როგორ ხვდებოდნენ საქართველოში მეფის კარზე ახალ წელს: ცისკრის ლოცვის წინ მეფესთან ჭყონდიდელი მიდიოდა ჯვრებითა და ხატებით, ერთმანეთს საახალწლო ძღვენსა და ტკბილეულს მიართმევდნენ და საახალწლო წირვის შემდეგ სასახლეში დიდი დარბაზობა და მიღება იწყებოდა.
         საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. მაგალითად, სვანეთში მას ზომხა ჰქვია, სამეგრელოში - ახალ წინა, გურიაში კი - კალანდა.
         სულ სხვაა საეკლესიო ახალი წელი. იგი 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება. 




მდინარე ენგური
38.  მტკვარი ძალიან გრძელი მდინარეა. იგი სათავეს თურქეთის მთებში საქართველოს ყოფილ ტერიტორიაზე იღებს და ჩვენი ქვეყნის გავლით, კასპიის ტბაში ჩაედინება. მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე იგი სიგრძით მდინარე ალაზანს ვერც კი შეედრება. ალაზანი კახეთში მდებარეობს და მისი სიგრძე 407 კმ-ია. მტკვარზე წყალუხვი მდინარე კი რიონი ყოფილა. რაც შეეხება სიჩქარეს, ყველაზე სწრაფი მდინარე ენგურია. იგი სვანეთის მთებში იღებს სათავეს.




         39. ხმელთაშუა ზღვაში ცხოვრობს კიბორჩხალა, რომელიც თავის ზურგზე იყრის ყველაფერს, რაც კი „ხელთ მოხვდება“. სწორედ ამიტომ, კიბორჩხალის ამ სახეობას „მეძველმანეს“ უწოდებენ. რას არ ნახავთ მის ზურგზე შუშის ნატეხს, ნიჟარებს, თევზის თავს; ყველაფერ იმას, რაც მისი ზურგიდან არ გადმოვარდება. როდესაც მტერი „მეძველმანე“ კიბორჩხალაზე თავდასხმას დააპირებს, კიბორჩხალა მას ზურგს უჩვენებს. თავდამსხმელი ტყუვდება, მეძველმანის ზურგზე მოთავსებულ ნივთებს ეტანება. ამ დროს კი კიბორჩხალა დროს იხელთებს და სამშვიდობოს გადის. ასე, რომ ეს კიბორჩხალა ძალიან ჭკვიანი ყოფილა. ისინი რაც სხვებისთვის უსარგებლო ნივთებია, კიბორჩხალასთვის ისინი თავდაცვის საშუალება და სიცოცხლის შემანარჩუნებელი ყოფილა.




კავკასიონი

        40.  საქართველოში სულ 900-მდე დიდი და პატარა ტბა ყოფილა. მათგან ყველაზე პატარა ტბად კავკასიონის მთის მთავარ წყალგამყოფ ქედზე საძელის უღელტეხილის ტბა ითვლება, რომელიც ზღვის დონიდან 3085 მეტრზე მდებარეობს.








         41. თურმე პირმშოს, დედისერთა ბავშვს ძველად იამავარს  ეძახდნენ. ასევე, ალბათ ბევრ ადამიანს არ ექნება გაგონილი, რომ ბერწისწულება  შობას, აღორძინებას ნიშნავს.